ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამმართველოს იზოლატორიდან, რომელიც გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში მდებარეობს სამი პატიმარი - ბადრი და ბაჩო ხაზალიები და ბიძინა ხასია გაიქცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ძმები ხაზალიები - გალის რაიონის სოფელ შაშიკვარას მაცხოვრებლები არიან და მათ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19 წლით თაისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. "მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენა - ყაჩაღური თავდასხმები და ადამიანების გატაცებები გალის რაიონში 2009 დან 2011 წლამდე", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მესამე პატიმარი ხასია ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშის მაცხოვრებელია და მას კაცრი რეჟიმის კოლონიაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. "მას ბრალად ედება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო კონტრაბანდა", _ წერს აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია მხოლოდ ის, რომ გაქცევა ჯერ ჯერობით დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ზეწოლით მოხდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, გაქცევისას ძმებმა ხაზალიებმა და ხასიამ მათ იზოლატორის თანამშრომელი დანით დაჭრეს. ასევე დაჭრეს მოქალაქე ადამირ მირცხულავა, რომლისთვისაც ავტომობილის წართმევას შეეცადნენ.
საბოლოო ჯამში მათ ავტომობილი მოქალაქე მიხეილ სარაევს წართვეს თუმცა ამ ავტომობილით ავარიაში მოხვდნენ და ავტომობილი მიატოვეს.
ბოროტმოქმედები ჯერ არ დაუკავებიათ.