შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ავერსის კლინიკის" გორის ფილიალში თავის ტკივილის მკურნალობის ცენტრი გახსნა. მინისტრი შაკიკის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით დაინტერესდა და კლინიკის ხელმძღვანელებთან, ესენის უნივერსიტეტის პროფესორ ზაზა ქაცარავასთან და ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორ ტიმოთი შტაინერთან ერთად მუშაობის პროცესს გაეცნო.
კლინიკაში მისული პაციენტები საჭირო სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს მიმართვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღებენ. ხოლო შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა შეღავათიან ფასებში იქნება შესაძლებელი. ტელემედიცინის საშუალებით პროფესორი ზაზა ქაცარავა რეგულარულად ჩაატარებს კონსულტაციებს, რაც როგორც პირველი 3 თვის, ისე შემდგომშიც უფასო იქნება.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების დანერგვასა და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმების ქართულ მედიცინაში ჩართულობას გულისხმობს. სამინისტრო მიესელმება ყველა სახის თანამშრომლობას, რომელიც პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
თავის ტკივილის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი "ავერსის კლინიკის" თბილისის ფიალიალში 2012 წლის იანვარში ამოქმედდა. ამ პროექტს საქართველოში "გლობალური კამპანია თავის კლინიკის წინააღმდეგ" (Global Campaign to Lift Burden of Headache Worldwide) , "თავის ტკივილის საერთაშორისო ასოციაცია" (Interacianational Headache Society), და "თავის ტკივილის ევროპის საზოგადოება" (European Headache Federation) ახორციელებენ. შაკიკისა და თავის ტკივილის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანია მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები