დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებლის განახლებული გამზირი დაათვალიერა და მარჯანიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილმა ახალი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომელიც ხალხს მათი განხორციელების შედეგად ექმნება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ისტორიის არც ერთ ეპოქაში, ერთბაშად იმდენი არ აშენებულა, რამდენიც ამ პერიოდში შენდება.
ქვეყნის პირველი პირი აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებოდა.
მარჯანიშვილის ქუჩაზე უკვე სრულადაა აღდგენილი ექვსი, ხოლო აშენდა ოთხი ახალი სახლი. მოეწყო ქუჩის ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. მოეწყო მიწისქვეშა ავტოსადგომიც, რომელიც 120 მანქანაზეა გათვლილი. სამუშაო პროცესის დასრულება შემოდგომით იგეგმება.