დღეს 10 ივნისს, თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე აქცია "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართება.
აქციას ორგანიზებას ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა" უწევს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მეუღლითურთ და სხვა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება 17:00 საათზე რეგისტრაციით, დაიწყება. 18:00 საათზე მოეწყობა რბოლა, 18:30-ზე მსვლელობა, შემდეგ კი ოფიციალური გამოსვლების შემდეგ ღია ცის ქვეშ, ნიაზ დიასამიზე - 33ა-ს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
შეგახსენებთ: მსგავსი აქცია საქართველოში უკვე მეშვიდედ იმართება, იგი ერთგავრ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი იმართებოდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" თბილისში დაფუძნდა და გადაიქცა ერთერთ უდიდეს და მნიშვნელოვან აქციად. 10 000 მდე მონაწილის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ აქციის საშუალებით ხდება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა.
წელს აქციაში აქტიურად ჩაერთო არაერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელთა წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ რბოლაში: ევროპელ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია, თბილისის სამედიცინო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.