დღეს,10 ივნისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის პოლიტიკის კომისიის წევრები ეწვევიან.
ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, შემდეგ მცხეთაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადგილობრივ ოფისს ეწვევიან და ოფისის წარმომადგენლებთან შეხვდებიან. იმავე დღეს ვიზიტორები წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებენ, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებენ.
ვიზიტის მეორე დღეს, 11 ივნისს, იტალიელი სტუმრები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები ვიცე-პრემიერთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან და ვიცე-პრემიერმინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან.