რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირენით განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშკრულების გაფორმების აუცილებლობა აღნიშნეს.
ამას გარდა, სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა ჟენევაში სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს გალის რაიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სადაც "კვლავაც დაფიქსირებულია დანაშაული, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურები ახორციელებენ და რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამართალდამცავი ორგამოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არის მიმართული", _ წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლება გალში აუცილებელი და გადაუდებელია.
"თავის მხრივ სამხრეთ ოსეთის მხარემ მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და მოუწოდა ამ შეხვედრების მონაწილეებს უფრო დიდი ყურადღება დაუთმონ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების პრობლემას", _ წერს რუსეთის საგარეო უწყება.
ამას გარდა, სერგეი ლავროვის უწყება ასევე იუწყება, რომ ჟენევაში ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ტერმინი "ოკუპაცია" და "ოკუპირებული ტერიტორიები" გააპროტესტეს და ამ საკითხთან დაკავშირებული განხილვის შემდეგ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას უარი თქვან მათ გამოყენებაზე.
ამასთან ერთად, სეპარატისტებმა ასევე თავიანთი უკმაყოფილება დააფიქსირეს ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებითაც.