„დემოკრატიული მოძრაობა" გულისტკივილს გამოთქვამს თბილისში #1კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიასა და ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების ჩამონგრევით გამოწვეული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
მათი თქმით, ,,აღნიშნული შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში მშენებლობები და მასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს უსაფრთხოების პირობების ყოველგვარი დაცვის გარეშე. აღსანიშნია, რომ გუშინდელი მსხვერპლი პირველი არ არის, რომელიც სააკაშვილის თვითნებობას ეწირება. სწორედ ამ ადგილას, დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი. ზუსტად ხელისუფლების გაუაზრებელი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შედეგია აღნიშნული ტრაგედიაც. როგორც ამ ხელისუფლების სწრაფი მშენებლობების ახირებული სურვილის არაერთ შემთხვევაში, ამჯერადაც მივიღეთ უხარისხო ნაგებობა, რომელიც ჩამოიშალა და მოიტანა უმძიმესი შედეგი - დაიღუპა ადამიანი",_ ნატქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
,,დემოკრატიული მოძრაობა" მოხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
,,სწორედ ამიტომ უშუალო პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. ხელისუფლების მიერ აღნიშნული ტრაგედიის მიჩუმათებისა და საზოგადოებისაგან დამალვის მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს ყოვლად უპასუხისმგებლო და დამნაშავე რეჟიმი, რომელიც ცდილობს საქართველოს მოსახლეობა ვირტუალურ რეალობაში აცხოვროს. „დემოკრატიული მოძრაობა" იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევითა და ბრძოლით კრიმინალური რეჟიმი მალე შეიცვლება და ყველა დამნაშავე შესაბამის პასუხს აგებს!". _
ნათქვამია განცხადებაში.