"ქრისტიან - დემოკრატები" 90-იან წლებში, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს გიორგი ახვლედიანმა და ჯაბა სამუშიამ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
სარჩელი გულისხმობს სასამართლომ დაავალოს, ფინანსთა სამინისტროს, რომ მან შეიმუშაოს კონკრეტული წესი თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული დავალიანების გასტუმრება და მოსახლეობისთვის ზარალის ანაზრაურება. სამუშიას განცხადებით, 90-იანი წლების შუა პერიოდში, შევარდნაძის მთავრობამ დაზარალებულების ვალი, შიდა ვალად სცნო და ფინანსთა სამინისტროს რეაგირება დაავალა.
"თუმცა, ამ დრომდე, ბრძანება შესრულებული არ არის,"- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით სულ დაზარალებულია 8 ათასამდე ადამიანი. "მათ მიყენებული აქვთ სხვადასხვა ტიპის ზარალი, მიწის , ფართის დაკანონებასთან და შეტანილი ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
დღევანდელი სარჩელი ერთ-ერთი დაზარალებულის ბესიკ საღარაძის სახელზე შევიდა.
შეგეხსენებთ, რომ კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს მანამდე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰქონდა შეტანილი სადაც მათ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს 90-იან წლებში თბილისში 4500 ადამიანს ჰქონდა გადახდილი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ბინა ვერ მიიღო.