ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიასთვის, მიკროავტობუსებში რადიო სიგნალების გათიშვის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, მიუღებელია.
როგორც მან აღნიშნული საკითხის კომეტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა ევროპულ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია რადიოს ფუნქციონირება.
,,მერიამ უკვე გააკეთა განმარტება, რომ კომპანიას, რომელიც ახდენს სამარშუტო ტაქსებით საზოგადოების მომსახურებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქვს სარეკლამო მომსახურება კომპანიებისთვის. ამის საფუძველზე განხორციელდა ის შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება რადიომაუწყებლობის შეზღუდვას. საკითხი ეხება ადამიანებს, რომელსაც ზოგს აინტერესებს ესა თუ ის რადიო გადაცემა, ზოგს არა. ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არა მგონია იყოს მიზანშეწონილი,, - აღნიშნა თორდიამ.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული პროცედურა, ტექნიკური თავალსაზრისით, ხელს არ შეუშლის მგზავრებს საკუთარი ტელეფონების ან რადიომიმღებების საშუალებით, მოისმინოს სასურველი რადიო.
რაც შეეხება მიკროავტობუსებში პოლიტიკური რეკლამების განთავსებას, თორდია აცხადებს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა და შესაბამისად, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა ხელშეკრულების მხარეებთან უნდა გაარკვიონ.
შეგახსენებთ, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ, გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიკროავტობუსებში რადიო საშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გაითიშება.