ქუთაისში, მთავრობის სახლში საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხელოვანები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შოთა რუსთაველის სახელობის პრემიითა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმატებული საქმიანობისთვის ქვეყნის პირველმა პირმა მათ მადლობა გადაუხადა.
"შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიები უაღრესად პრესტიჟული ჯილდოებია საქართველოში. ამ ჯილდოებს ბევრი ადამიანი იმსახურებს, თუმცა დღეს ყველას ვერ გადავცემთ. ამისთვის გული არავინ არ უნდა გაიტეხოს, რადგან სამომავლოდ ყველა ის ადამიანი მიიღებს, ვინც მას იმსახურებს. ადამიანებს პრემია მხოლოდ წარსულში გაწეული შრომისათვის არ უნდა მივანიჭოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მეცნიერი, კულტურის მოღვაწე თუ შემოქმედი დავაჯილდოვოთ იმისთვის, რასაც თითოეული მათგანი ამჟამად ქმნის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხელოვანების დაჯილდოებისას, განსაკუთრებით ნიკოლოზ რაჭველის დამსახურება გამოყო.
"თქვენ იცით, რომ სპექტაკლს "ქეთო და კოტე" საქართველოს პატრიარქმა უწოდა „რევოლუცია მუსიკაში". მართლაც, სადაც არ უნდა გაიმართოს ეს სპექტაკლი, ბილეთები ყველგან წინასწარ არის გაყიდული. ნიკოლოზ რაჭველის დამსახურებაა ის, რომ მან საოცრად კარგად შეძლო ამ უნიკალური ნაწარმოებისთვის თანამედროვე სულის შთაბერვა. ჩვენი მუსიკის ენა ესმის მსოფლიოს. სწორედ, დიდი ნიჭის გამო დაიმსახურა ნიკოლოზ რაჭველმა დღევანდელი ჯილდო," - განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე ინჟინერ-ინფორმატიკოსებისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში ახალი მეტალურგიული ლექსიკონის ავტორთა ჯგუფის წევრების მიმართ, თითოეულ მათგანს სახელმწიფო ჯილდო გადასცა და აღნიშნა, რომ მათ დიდი დამსახურება აქვთ საკუთრი ქვეყნის წინაშე. სახელმწიფო ეროვნული პრემიით ტექნიკური მეცნიერების დარგში მეტალურგიული ლექსიკონის შემუშავებისთვის დააჯილდოვა ავტორთა ჯგუფი გურამ ქაშაკაშვილი, ოლგა მეტრეველი, ნუგზარ წერეთელი, თემურ ჯაგონიშვილი.
ასევე სამეცნიერო ნაშრომებისთვის დაჯილდოვდნენ ავტორთა ჯგუფები, რომელთა შორის არიან: არჩილ ფრანგიშვილი, ლევან იმნაიშვილი, ბაკურ ბედინეიშვილი, რობერტ ადამიას, თამაზ ნატრიაშვილს, რაულ მებონია.
გარდა ამისა, ჯილდო გადაეცა ხელოვნების დარგის შვიდი წარმომადგენელს: კინორეჟისორებს ალექსანდრე რეხვიაშვილსა და მიხეილ კობახიძეს, მუსიკოსებს თენგიზ ამირეჯიბს, მანანა დოიჯაშვილს, ხატია ბუნიათიშვილს; ნიკოლოზ რაჭველს - "ქეთო და კოტეს" ახალი მუსიკალური ვერსიის შექმნისთვის; რუსთაველის პრემია ასევე გადაეცა მწერალ ვახტანგ ჯავახაძეს და კომპოზიტორებს ელიზბარ ლონდარიძეს, შავლეგ შილაკაძეს.
სამედიცინო დარგში სახელმწიფო ეროვნული პრემიის მფლობელები გახდნენ ასმათ შენგელაია, მერაბ ბერაია, მამია ზოდელავა, დარეჯან სხირტალიძე, ზურაბ გამგებელი, დავით მიმინოშვილი, შოთა ჯაფარიძე, ზურაბ მიქევანიშვილი, ლამარა ვაშაკიძე, დიანა გზირიშვილი, ლაშა კაჭარავა, მარინა მამალაძე, ნიკოლოზ ყიფშიზე, ვახტანგ კალოიანი, გიორგი გოცაძე, ნინო ბუცხრიკიძე.