"სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ბათუმში 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარებას ეხება", _ ნათქვამია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ოსური მედია აქვეყნებს.
სეპარატისტთა განცხადების მიხედვით, ცხინვალში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის ხელისუფლების "არარეალური წინადადებების მხარდაჭერა დასავლეთის რიგი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების მიერ".
"თავის განცხადებაში, რომელიც აშკარად ქართული აუდიტორიის მოლოდინზე იყო გათვლილი, ჰილარი კლინტონმა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და თავს უფლება მისცა, სუვერენული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო და ქვეყნის მოქალაქეების ნავცვლად გადაეწვიტა, თუ რა სახის დოკუმენტები უნდა შეიძინონ მათ", _ წერენ სეპარატისტები.
მათი განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეების უმრავლესობას "სრულიად კანონიერ საფუძველზე დოკუმენტებად აქვთ პირადობის მოწმობა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პასპორტი, რომლებითაც ისინი მსოფლიოში მოგზაურობენ და "ნეიტრალური პასპორტები" სამხრეთ ოსეთში არავის არ აინტერესებს", _ წერენ სეპარატისტები და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ნეიტრალური პასპორტები სინამდვილეში "ნეიტრალური" სულაც არ არის, ვინაიდან "ქვეყნის კოდად" საქართველოა მითითებული.