შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქობულეთში ახალი კლინიკის მშენებლობა დაათვალიერა. მინისტრი კლინიკის პროექტით დაინტერესდა და მშენებლობის პროცესს დეტალურად გაეცნო.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი სი აის" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. 70-საწოლიანი კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს შესთავაზებს. აქ ქირურგიული, მეან-გინეკოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინილარინგოლოგიური, ნეონატოლოგიური და სხვა მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი. სამედიცინო ცენტრი მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტდება, 80 ექიმი და 130 მედდა გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის.
საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 3 მილიონი ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. კლინიკა ფუნქციონირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს.
მოგვიანებით მინისტრი ქობულეთის ძველ საავადმყოფოში მედპერსონალს შეხვდა, რომლებიც ახალ კლინიკაში დასაქმდებიან. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მათ ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.