საქართველოს პროკურატურა ქუთაისში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"5 ივნისს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების შესახებ. ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება, "გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა".