აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 20-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. დელეგაცია ოთხკაციანია და მას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ხელმძღვანელობს.
თავად სეპარატისტთა განცხადებით, ძირითადი საკითხი, რომელსაც სეპარატისტები დააყენებენ და მის განხილვას მოითხოვენ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იქნება.
ამას გარდა, ჟენევაში განხილვის საგანი იქნება ასევე გალის რაიონში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.
სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა აცხადებს, რომ ჟენევაში აფხაზური დელეგაცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის პოზიციას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს ეხება და რომლის მიხედვითაც სეპარატისტებს „თავიანთ ტერიტორიაზე ტიშკევიჩის ხილვა არ სურთ".
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, საინფორმაციო სესიაზე, რომელიც ოსი სეპარატისტების ინიციატივით გაიმართერთება, განხილულ იქნება ცნება „ოკუპაცია" და ამ ცნების შესაბამისობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.
აფხაზური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვაში მონაწილეობას არც ამჯერად მიიღებს, „და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე აფხაზურ მხარეს არ მიეცემა საშუალება თავისი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩამოაყალიბოს.
"აფხაზური მხარე ასევე დააყენებს საკითხს ქართული მხარის მიერ საასზღვრო ზონაში ტერორისტულ-დივერსიული საქმიანობის ააქტიურების შესახებ", _ აცხადებს ირაკლი ხინთბა.