არასამთავრობო ორგანიზაცია - "ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, არადემოკრატიულ ქვეყნებში პატიმართა რაოდენობა საქართველოზე 2-3-ჯერ ნაკლებია. ამის შესახებ მან "ქართულ დასის," არასამთავრობო სექტორსა და პატიმრებთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც "ქართული დასის" მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
კაკაბაძის განცხადებით, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო შესაბამისი კვლევის ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა, მსოფლიოშიც პირველ ადგილზე აღმოჩნდეს.
მისი ინფორმაციით, პატიმართა რაოდენობა "ვარდების რევოლუციამდე",
6 000-ს შეადგენდა, დღეს კი 25 000-მდეა.
,,ამ ფონზე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ქვეყანა დემოკრატიულია. სასამართლოში არსებული პრობლემების გამო უამრავი უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდა ციხეში. არიან პატიმრებიც, რომელთაც არაადეკვატური სასჯელები აქვთ მისჯილი. ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, როგორებიც აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი არიან, პატიმართა რაოდენობა საქართველოზე 2-3-ჯერ ნაკლებია" - განაცხადა კაკაბძემ.
მისივე თქმით, პატიმართა ასეთმა რაოდენობამ საქართველო ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებით გათვალისწინებულ სტანდარტს დააშორა. პატიმართა უფლებების დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყნის იმიჯის გამოსასწორებლად, აუცილებელია ფართომასშტაბიანი ამნისტიის ჩატარება, მცირე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისთვის.
პარლამენტში 2010 წელს ინიცირებული „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი, პატიმართა ოჯახის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გააცნო.