სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გახდება და იგი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
რეორგანიზებული სააგენტოს მიზნები იქნება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა.
მისი ფუნქციები კი კვლავ იქნება საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა; საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა; საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა; სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ ეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სააგენტო ასევე უფლებამოსილი იქნება, მისი პირდაპირი ფუნქციების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, განახორციელოს სხვა საქმიანობა - მომსახურებები.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში, ორ კვირაში შევა.