ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", ამერიკა-საქართველოს სტატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გარდა ამისა, კლინტონმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ეხმარება ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელებაში. ასევე, სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-მა მიიღო ზომები, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ადვილი იყოს აშშ-ში გამგზავრება.
კლინტონმა ასევე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკურმა რეფორმებმა საერთაშორისო დონეზე დიდი მოწონება დაიმსახურა და აშშ-ს სურს, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაში საქართველოსთან შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
"ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს რომ გააძლიეროს ეკონომიკა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მივიწყებულია ეკონომიკური პროგრესისგან", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.