უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დემოკრატიული ძალების გაერთიანებას იმედოვნებს.
"ვიმედოვნებ, რომ თუ ეს არ მოხდება არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ მაინც დემოკრატიული ძალების ყველა კანდიდატი გაერთიანდება", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, იგი მზადაა შესთავაზოს არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კანდიდატებს თანამდებობები ხელისუფლებაში მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
"თქვენ გსურთ აიღოთ საქმიანობის მიმართულება, აიღეთ ხელისუფლება და აჩვენეთ, თუ როგორ შეგიძლიათ იმუშაოთ. აიღეთ სხვადასხვა მიმართულება", - მიმართა ტიმოშენკომ დემოკრატიული ძალების კანდიდატებს.
მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული ძალების გაერთიანებისთვის და დასძინა, რომ მისმა ოპონენტებმა მიმდინარე ეტაპზე შესძლეს ზოგიერთი დემოკრატის ყიდვა. ტიმოშენკოს განმარტებით, ეს მოხდა დაპირებით იმის შესახებ, რომ 2010 წელს ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ისინი რადაში "ოქროს ადგილს" მოიპოვებენ.
"რა თქმა უნდა, არავითარ არჩევნებზე საუბარი არ იქნება", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ტიმოშენკოს თქმით, არ აპირებს მოიპოვოს მსხვილი ნაციონალური ბიზნესის მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების გამოცდას ყველა ვერ აბარებს, "რადგან ეს არის დიდი გავლენა, დიდი ფული და დიდი რესურსები".
"ამიტომაც, ზოგჯერ, ლიდერები ხელისუფლების ცდუნების წინაშე დგებიან", - განაცხადა მან.