საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ,,საქარველო პირველი ქვეყანაა ევროპაში რომელსაც ელექტრონული ,ჭიშკრები" აქვს", _ განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ევროპის კვირეულის მონაწილებისადმი სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციასა და უვიზო მიმოსვლის თაობაზე სამოქმედო გეგმა გამოცხადდება.
,,რამდენიმე დღეში სამოქმედო გეგმაც გამოცხადდება ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციასა და უვიზო მიმოსვლის თაობაზე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის კვლევების თანახმად, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით ჩვენ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა ვართ ევროპის მასშტაბით. საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ელექტრონული ,ჭიშკრები" აქვს. თუკი თქვენ პასპორტში ელექტრონული ჩიპი გაქვთ, საზღვრის გადალახვა შესაძლებელია ისე, რომ მესაზღვრეებთან შეხებაც არ მოგიწევთ, თუმცა მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ასე, რომ, ევროკავშირთან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვექნება. ამას გარდა, ვმუშაობთ ღრმა, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი წლის დამლევს იმაზე დიდ შედეგს მივაღწევთ, ვიდრე თურქეთმა მიღწია საბაჟო კავშირის შედეგად. ამით თურქეთი მკვეთრად განვითარდა, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს ამის ბევრად მეტი შანსი აქვს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა .
მისივე თქმით, საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
,,ევროკავშირთან გვექნება შეთანხმება ასოცირებული წევრობის შესახებ. ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც საჭიროა სრულფასოვან გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიალოგის დასაწყებად. უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. შარშან ეს პრეზიდენტ სარკოზისგანაც მოვისმინე. ბოლო თვეების განმავლობაში ეს სულ უფრო ხშირად მესმის ევროპელი ლიდერებისგან და ამას უკვე ჩვენც ვეჩვევით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა, თაობებისა და ასწლეულების ოცნება საქართველოსთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხელ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ეროპის ლიდერები ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულები არ იყვნენ.
,, უკანასკნელ პერიოდში ქართველი მეფეების წერილებს ვკითხულობდი, რომლებსაც ისინი რომის პაპს სწერდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი ქვეყანა იყო საქართველო, სად მდებარეობდა ის, როგორ მოწონდათ ევროპა და ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვდნენ. მათ ყველა დიდ მონარქთან, მათ შორის, ლუი მეთოთხმეტეს კარზეც გაგზავნეს დელეგაცია. იმ დროს საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა კათოლიკური სარწმუნოებაც მიიღო, რათა ხაზი გაესვა ევროპასთან ჩვენი კავშირისთვის. მაშინ ევროპის დანარჩენი ნაწილი ჩვენით დაინტერესებული არ იყო, ქართველები კი უცხო მმართველებისგან თავის დაღწევასა და ევროპასთან დაახლოებას ცდილობდნენ. დღეს სხვა პირობებში ვცხოვრობთ. ასეთი ოპტიმისტური განწყობა არასდროს არ მქონია. ეს არის ჩვენი ევროპული დიპლომატიის უდიდეს ცვლილება, მაგრამ შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს ბევრად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აქ ცხოვრობს", _ განაცხადა მიხეილ; სააკაშვილმა.
შეგახსენებთ: ევროპის კვირეულის ფარგლებში საქართველოს 60 სტუმარი ეწვია.