საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში დღეს ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა. საზეიმო ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტთან (2004-09 წლებში) ერთად მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსა და ლიტვის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ვალდას ადამკუსისა და მისი ქვეყნის დამსახურება საქართველოს წინაშე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორი ქვეყნის დამეგობრების საქმეში უდიდესი წვლილი პირადად ვალდას ადამკუსს მიუძღვის და ყურადღება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილა.
ვალდას ადამკუსმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე, მას წარმატება უსურვა. იგი იმ რეფორმებსა და ცვლილებებსაც შეეხო, რომლებიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები