ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოცანა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა, ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, სებ-ის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
"საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქვეყანაში ბოლო 8-10 წლის განმავლობაში სახეზეა საპროცენტო განაკვეთების კლების დინამიკა. ჩვენ ყველას გვახსოვს წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ 90-იანი წლების შემდეგ. საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოცანა საპროცენტო განაკვეთების კლება გახლავთ. დღეს ამ მიმართულებით პროგრესი ცალსახაა. თუმც ეს არ არის საკმარისი და ყველა ის რეფორმა, რასაც ჩვენ ვატარებთ ემსახურება მთავარ ამოცანას - საპროცენტო განაკვეთის კლებას და კრედიტებზე ხელმისაწვდომობას",- აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.