1-ელ და 2 ივნისს აღმაშენებლის გამზირზე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე , სუხიშვილების სახელობის სკვერში გაიმართება აქცია "წიგნი ბავშვებს". აქციის მიზანია წიგნის პოპულარიზება ბავშვებში.
სკვერში გაიმართება საბავშვო წიგნების გაყიდვა დიდი ფასდაკლებით, ასევე სახალისო ვიქტორინები. ვიქტორინებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნებით.
ღონისძიებაში მონაწილეობენ წიგნის სადისტრიბუციო კომპანია "წიგნის სამყარო", მერიის მთავარი ბიბლიოთეკა და მწერალთა კავშირის გამომცემლობა.
აღნიშნული ორგანიზაციები და აქციაში მონაწილე ბავშვები და უფროსი ასაკის ადამიანები მოიტანენ წიგნებს "წიგნის ფონდისთვის". "წიგნის ფონდში" შეგროვებული წიგნები გადაეცემათ ბავშვთა სოციალურ ჯგუფებს. ასევე გაიმართება "ცოცხლად ხატვა" სხვადასხვა სტუდიის აღსაზრდელი ბავშვების მონაწილეობით და ბავშვთა ნახატებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.
ახალგაზრდა პოეტები წაიკითხავენ საკუთარ და ცნობილ პოეტთა ლექსებს. აქცია მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში. მხატვარი და პოეტი ბავშვები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით: ნატურალური ქვებისგან გაკეთებული ჯვრის კოპოზიციებით (ჩარჩოებში)და ხატვის აქსესუარებით: ფანქრების, პასტელების, აკვარელის კომპლექტებით.
17:00 საათზე კომპოზიტორთა კავშირის დარბაზში მოეწყობა ბავშვთა ფოლკორული და საესტრადო კოლექტივების კონცერტი, პოეტ მამა პეტრე კვარაცხელიასა და ისრაელში მცხოვრები პოეტის ნანა შაბათაშვილ-დავარის მონაწილეობით.