საინფორმაციო ცენტრმა შს სამინისტროში საკონკურსო წესით ჩარიცხული აპლიკანტების შესახებ სტატისტიკურ-ანალიტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია 2009-2011 წწ. პერიოდში შს სამინისტროს პატრულ-ინსპექტორისა და უბნის ინსპექტორების თანამდებობებზე მისაღები კანდიდატების რაოდენობრივი მახასიათებლები, გენდერული და რეგიონალური სეგმენტაცია, ასაკობრივი გრადაცია და შსს აკადემიის ბაზაზე სპეციალიზირებული კურსების გავლის წარმატებულობის ინდექსის განაწილება წლების მიხედვით.
კვლევის მიზანია საკონკურსო-საატესტაციო წესით შს სამინისტროს შემადგენლობაში მსურველთა სააპლიკაციო ფორმით მიღების პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობისა და პროცედურული გამარტივების, აგრეთვე ფართო საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობისა და ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა.
ზოგადად, შს სამინისტროს რიგებში მიღების ეტაპები გულისხმობს განაცხადის შეტანას, ტესტირებას, გასაუბრებას და შესაბამისი სამედიცინო კომისიისა და შსს აკადემიის სპეციალიზირებული საბაზისო მომზადების კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, საკონკურსო წესით გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე ჩარიცხვას.
2009-2011 წლებში უბნის ინსპექტორთა სპეციალიზირებული საბაზისო მომზადების კურსი გაიარა 1366, ხოლო პატრულ-ინსპექტორთა მომზადების კურსი კი - 610 კანდიდატმა.
კურსების წარმატებით დასრულების ინდექსი დასახელებული პერიოდის განმავლობაში ორივე მიმართულებით იზრდება: უბნის ინსპექტორთა შემთხვევაში 63-დან 69, ხოლო პატრულ-ინსპექტორთა შემთხვევაში კი - 77-დან 83 პროცენტამდე. განაცხადების ჯამურ რაოდენობასთან შედარებით კი წარმატებულობის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი პატრულ-ინსპექტორთა მიმართულებით ყოველი მე-6, ხოლო უბნის ინსპექტორთა მიმართულებით კი ყოველი მე-8 კანდიდატია.
ასაკობრივი განაწილების მიხედვით ყველაზე აქტიური კატეგორიაა 18-25 წლის ინტერვალში მყოფი პირები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა თაობაში პოლიციელის პროფესია სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს.
გენდერული სეგმენტაცით, უბნის ინსპექტორების შემთხვევაში მამაკაცებისა და ქალების თანაფარდობა 91% / 9%-ზეა, მაშინ როდესაც პატრულ-ინსპექტორებთან მიმართებაში თითქმის ყოველი მე-5 მიღებული კანდიდატი ქალბატონია (83% / 17%-ზე).
რაც შეეხება რეგიონალურ განშლას, ამ მხრივ ლიდერები ორივე მიმართულებით თბილისი- მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებია, თუმცა უბნის ინსპექტორების კუთხით ასევე აქტიურობით გამოირჩევა სამეგრელოს, ხოლო პატრულ-ინსპექტორების კუთხით კი - აჭარის რეგიონები.
ცალკე უნდა აღინიშნოს შსს ორგანოების რიგებში ჩარიცხვის პროცედურის გამარტივება, კერძოდ: უახლოესი მომავლიდან, კონკურსის დადგენილი წესით გამოცხადების შემთხვევებში, განაცხადის შევსება და გაგზავნა მონაწილეობის მიღების ნებისმიერ მსურველს შეეძლება შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით (www.police.ge), ასევე გამარტივებულია ფიზიკური შესაბამისობის დამადასტურებელი ფორმალობები და საჭირო დოკუმენტაციის 90%, აპლიკანტის მიერ ზედმეტი დროისა და მატერიალური დანახარჯების გარეშე, მოძიებულ იქნება შს სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანერგილი ახალი ელექტრონული სისტემების მეშვეობით.