საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერალური მინისტრი დირკ ნიებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. მხარეებმა შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დეტალურად განიხილეს. დირკ ნიებელი საქართველოში პირადად ნიკა გილაურის მოწვევით იმყოფება და რამდენიმე დღის განმავლობაში ის, გერმანიის მთავრობისგან დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, გერმანიის მთავრობა საქართველოს დამატებით 57 მლნ ევროს გამოუყოფს, საიდანაც ნაწილი გრანტი, ხოლო ნაწილიც დაბალპროცენტიანი სესხი იქნება.
"ეს საქართველოში გერმანიის ფედერალური მინისტრის დირკ ნიებელის პირველი ვიზიტია. ჩვენ რამდენიმე თვის უკან გერმანიაში საკმაოდ კარგი შეხვედრა გვქონდა და სწორედ მაშინ შევთანხმდით, რომ ის პირადად ეწვეოდა საქართველოს და განხორციელებულ პროექტზე ადგილზე გაეცნობოდა. გერმანიის ფედერალური სამინისტროს ნაწილია kfw და GTZ.. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ. მათ საქართველოსთვის გამოყოფილი აქვთ დაახლოებით 400 მლნ ევრო და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული. მათ მიერ ერთ-ერთი მთავარი დაფინანსებული პროექტია - მაღალი გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს და ამ პროექტის დაფინანსება სწორედ, რომ kfw -დან მოდის. ასევე ამ სამინისტროს პორთფელიოშია ბათუმის სანიაღვრე სისტემისა და წყლის რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც დასრულების სტადიაშია. სწორედ ამ პროექტების წყალობით გადაიქცა ბათუმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ქალაქად. ბათუმში წლის სისტემების არასებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა რაც უკვე მიღწეული გვაქვს. რაც შეხება მომავალ პროექტებს დღეს ხელი ეწერება 57 მლნ ევროს გამოყოფაზე, საიდანაც ნაწილი გრანტია, ხოლო ნაწილიც შეღავათიანი სესხი"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკა გილაურის განმარტებით, 57 მლნ ევროდან 5 მლნ ევროს დაცულ ტერიტორიებს მოხმარდება, ბათუმის სანიაღვრე სისტემების პროექტის დასრულებას კი 7 მლნ ევრო. განახლებადი ენერგეტიკისთვის გამოყოფილი იქნება 25 მლნ ევრო, რაც დახარჯული იქნება კომერციული ბანკების მეშვეობით. ხოლო დარჩენილი 20 მლნ ევრო მყარი ნარჩენების პროექტებზე იქნება მიმართული.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერალურმა მინისტრმა დირკ ნიებელიმ განმარტა, ის კმაყოფილია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მოხარულია იმით, რომ 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გერმანია საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორია.
მასალის გამოყენების პირობები