დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და ყოფილი „ბანკის შენობაში" მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადასცა.
აფხაზეთიდან დევნილი 79 ადამიანი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დაწყებიდან ცხოვრობს ე.წ. „ბანკის შენობაში". 18 წლის მანძილზე მოხდა მათი ინტეგრირება გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან. დევნილები დასაქამებულები არიან თბილისში და მის შემოგარენში, სწორედ ამიტომ მათივე მოთხოვნით მათი დროებითი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. ეს კი დეოკუპაციის შემდეგაც მათი საკუთრება დარჩება.
ობიექტზე მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი და დღეიდან უკვე შესაძლებლობა აქვთ შექმნან კორპუსის „ამხანაგობა," მათი სურვილის მიხედვით მოაწყონ გარე ინფრასტრუქტურა, ამასთან არსებული პრობლემები რაიონის გამგეობასთან ერთად მოაწესრიგონ და ისევე ისარგებლონ ქალაქის მერიის მომსახურებით, როგორც თბილისის რიგითი მაცხოვრებლები.