საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სტამბულის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. დღესვე ქართულმა მხარემ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტები შეღავათებით ისარგებლებენ.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერი აკადემიური ცენტრი, რომელიც თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულში შედის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომლითაც ყველა ქართველ სტუნდენტს, რომელიც გადაწყვეტს ამ უნივერსიტეტში სწავლას - ექნება 50%-იანი შეღავათი. გარდა ამისა, ყოველწლიურად, 8 ქართველი სტუდენტი ისწავლის უფასოდ და მათ უნივერსიტეტის მხრიდან მთლიანდ აუნაზღაურდებათ როგორც სწავლის ღირებულება, ასევე ცხოვრების ხარჯები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტუდენტებს ჰქონდეთ ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტბში სწავლის საშუალება", - განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა. უნივერსიტეტში კავკასიის სწავლის პროექტმაც დაიწყო ფუნქციონირება და მალე აქ საქართველოს კაბინეტიც ამოქმედდება, რომელიც კათედრად გადაკეთდება.
ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი თურქეთის უდიდეს უნივერსიტეტთა სამეულში შედის, მასში 70 კოლეჯია გაერთიანებული და 150 ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერისტეტს ფილიალები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.