დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა გლდანში, ყოფილ სასტუმრო „მეგობრობის" შენობაში მცხოვრებ დევნილებს საჯარო რეესტრის საკუთრების დამდასტურებელი ამონაწერები გადასცა.
მრავალბინიან ობიექტზე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები დევნილობის დღიდან ცხოვრობენ და აღნიშნული ფართები საკუთრებაში მათივე მოთხოვნით გადაეცათ. ობიექტი გადაიხურა განახლებული სახურავით, მოხდა გამრიცხველიანება და ახლა უკვე შეძლებენ შექმნან კორპუსის „ამხანაგობა," მათი სურვილის მიხედვით მოაწყონ გარე ინფრასტრუქტურა და ისევე ისარგებლონ ქალაქის მერიის მომსახურებით, როგორც თბილისის რიგითი მაცხოვრებლები.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. დღეისათვის უკვე 28 861 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული ღირსეული საცხოვრებელი ფართებით, რომელიც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების მიუხედავად საკუთრებაში დარჩებათ.
მასალის გამოყენების პირობები