საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა. ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ხელმძღვანელობს.
სამუშაო ჯგუფს ევალება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად სათანადო ღონისძიებების გატარება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის მომზადება და წარმოების მიზნით საქართველოს პოზიციის შემუშავება. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის წინაშე.
2011 წლის 1 დეკემბრის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-12 სხდომაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის წარმოების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი, მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი -პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი თინათინ გოლეთიანი.