დღეს, 30 მაისს, "ევროპული სკოლის" სააქტო დარბაზში საკონკურსო ფილმების ჩვენებით ფესტივალი "ოქროს პეპელა" გაიხსნება. ფესტივალს აქვს საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა. პროგრამა მოიცავს მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კონკურსს.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ ფილმებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. ჟიური გამოავლენს 10 ნომინაციაში გამარჯვებულს. ფილმები წინასწარი შერჩევით წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებში: სცენარი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, მსახიობი გოგონა, მსახიობი ვაჟი, ეპიზოდური როლი, მუსიკა, გრაფიკა და ანიმაცია.
გამარჯვებულ ფილმს გადაეცემა დიპლომი და გრან პრი "ოქროს პეპელა" აგრეთვე დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით ჯილდოვდებიან ნომინაციებში გამარჯვებული ფილმები.
31 მაისს გაიმართება არასაკონკურსო ფილმების ჩვენება , მასტერკლასი და უორკშოპი, ხოლო ფესტივალი დაიხურება 1-ელ ივნისს საზეიმო დახურვის, დაჯილდოების ცერემონიალით.
ფესტივალის დირექცია სპეციალური პრიზებით აჯილდოებს არასაკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმებს.
ფესტივალი დაარსდა 2011 წლის 1-ელ ივნისს საქართველოში, თბილისში, "ევროპული სკოლის" სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა.
წელს ფესტივალი "ოქროს პეპელა" გაიმართება საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.