დღეს, 30 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ცნობილი ქართველი პიანისტის ედიშერ სავიცკის კონცერტი. კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში შედგება.
პროექტის მიზანია რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. იგი ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
პროექტი 16 მაისს თელავში სწორედ ედიშერ სავიცკის მასტერკლასით გაიხსნა, 30 მაისს კი პიანისტის კონცერტი თბილისში პირველ ეტაპს დაასრულებს. რეპეტიცია გაიმართება 30 მაისს, 11:30 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
ედიშერ სავიცკი 1976 წელს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. 1983 -1994 წლებში სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მაია ბერიძის კლასში. 1994 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი). 1994-1995 წლებში გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიისა და გრანტის მფლობელი, ხოლო 1995 წელს - საქველმოქმედო პროგრამის "ახალი სახელები" ლაურეატი.