სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმოამდგენლობა საქართველოში.
პრეზენტაცია ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გახსნა. დანაშაულის უსაფრთხოების კვლევის მეთოდებისა და შედეგების პრეზენტაცია საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსულმა კრიმინოლოგიის დოქტორმა, ტილბურგის (ნიდერლანდები) საერთაშორისო ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა იან ვან დაიკმა წარადგინა.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა "გორბი" იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი და სასჯელებისადმი.
კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 3001 რესპოდენტი. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 1.2% გახდა დანაშაულის მსხვერპლი გასული წლის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი მონაცემი და დაახლოებით ცამეტჯერ ჩამოუვარდება ევროპის ანალოგიურ მონაცემს (15.8%), გაიზარდა მოსახლეობის უსაფრთხოების განცდა, ასევე გამოკითხულთა 98%-ს არ ეშინია ფიზიკური თავდასხმის, 97%-ს კი აქვს ოჯახის წევრებისა და საცხოვრებლი ბინის უსაფრთხოების განცდა, გამოკითხულთა 94% სეირნობისთვის სახიფათოდ არც ერთ უბანს არ მიიჩნევს, მათი 85% უსაფრთხოდ გრძნობს თავს დღისით, ხოლო 82% - ღამითაც. ეს მონაცემი გასული წლის შემდეგ 15%-ითაა გაზრდილი.
მოიმატა სკოლაში ბავშვის დაცულობის განცდამაც - ეს მაჩვენებელი 2010 წელს 63%-ს შეადგენდა, 2011 - 81%-ს, 2012 წელს კი 92% დაფიქსირდა.
ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 81% ნარკომანიის დონეს ქვეყანაში შემცირებულად მიიჩნევს, თუმცა, 79%-ის აზრით, ის კვლავ რჩება პრობლემად.
გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები მკურნალობას საჭიროებენ და მხოლოდ 7%-მდე მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებლისთვის სავალდებულოა თავისუფლების აღკვეთა. მოსახლეობაში ამ განწყობის არსებობა დაადასტურა ნარკოტიკული დანაშაულის კვლევამაც, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, 2011 წლის ბოლოს განხორციელდა. მისი შედეგებიდან გამომდინარე, მოხდა ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, შევიდა ცვლილებები შესაბამის კანონებში, დაიწყო საქართველოში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთზე, სადაც ნარკომომხმარებლებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალი ექიმების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების დახმარებით ებრძოლონ ნარკოდამოკიდებულებას.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და დანაშაულის შესახებ ოფიციალურ მონაცემებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს. მის საფუძველზე განისაზღვრება ვიქტიმიზაციის დონე ქვეყანაში; მოსახლეობის დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი; დამოკიდებულებები კორუფციისა და ნარკომანიისადმი; მოსახლეობაში დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ხარისხი და სხვა.