დღეს, 27 მაისს, 13 საათზე, თბილისის გორგასლის მოედანზე, ვარდატონის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები სომხეთის რესპუბლიკიდან: აშუღური სიმღერის ანსამბლები „საიათნოვა" და „ჰავასი" - სამხატვრო ხელმძღვანელი სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, პროფესორი თოვმას პოღოსიანი, ასევე ანსამბლი „ქსოვრელები" და ქართველი მომღერლები, რომელთა რეპერტუარში საიათნოვას სიმღერები და ლექსებია შესული. ამასთანავე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის, პ. ადამიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები და საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან არსებული კულტურის ცენტრის „ჰაიარტუნი" მომღერლები, რომლებიც შეასრულებენ საიათნოვას სიმღერებს ქართულ და სომხურ ენებზე (ლექსების თარგმანი ეკუთვნის გივი შაჰნაზარს).
დღესასწაულთან დაკავშირებით 27 მაისს, 11 საათზე, სურბ გევორგის სახელობის ეკლესიაში წირვა ჩატარდება, 12:30 საათზე კი გათვალისწინებულია პარაკლისის გადახდა ეკლესიის ეზოში მდებარე საიათნოვას საფლავთან.
ვარდატონის დღესასწაული დაარსდა 1914 წელს თბილისში, ჰოვანეს თუმანიანისა და იაკობ გრიშაშვილის მიერ. ტრადიციულად ვარდატონი ყოველწლიურად მაისის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება. 2012 წელი იუნესკომ საიათნოვას დაბადების მე-300 წლისთავად გამოაცხადა.
ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ქ. თბილისის მერიისა, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და საქართველოს სომეხთა კავშირის მხარდაჭერით.
ვარდატონს წარუძღვებიან ლევონ ჩიდილიანი (სომხურად) და მარტა გალოიანი (ქართულად).