დღეს, 24 მაისს, თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალი გაიმართება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და გაგრძელდება ოთხ დღეს, 27 მაისის ჩათვლით.
24 მაისს, 13:00 საათზე, ფესტივალს ოფიციალურად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა გახსნის. 25 მაისს კი ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართება გალაწვეულება და თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია.
თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება აქციები, ლიტერატურული ვიქტორინა და პრეზენტაციები, როგორც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, ისე ქალაქის ლიტერატურულ კაფეებში. ფესტივალზე მოსულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ლიტერატურული კონკურსის, "საბას", 2012 წლის ფინალისტებს და შეხვდეს მათ "თი ბი სი ლიტრუმში", მე-11 პავილიონში.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართება აქცია "აჩუქე წიგნი ახალ მკითხველს!" რომლის ფარგლებშიც შეგროვებული წიგნები დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცემა წეროვანის დევნილთა დასახლების ბიბლიოთეკას. წიგნების დონაცია შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე კერძო პირებს.
აგრეთვე, წელს პირველად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით ყველა მთავარ (ცენტრალურ) ბიბლიოთეკას გადაეცემა 700 ლარამდე ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ფესტივალის მსვლელობისას 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.
აღნიშნული პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების ახალი გამოცემებით გამდიდრება.