საქართველოს პარლამენტმა საუდის არაბეთის სამეფოდან პირველ ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციას უმანსპინძლა. არაბეთის მაჯლისის აშ-შურას მეჯლისის წევრები პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში მიმდინარე საკითხებს შეეხო.
პარლამენტის თავმჯდომარემ არაბ კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური თანამშრომლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საუდის არაბეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით იჩენს. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საუდის არაბეთის როლზე გამახვილდა. არაბმა სტუმრებმა საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და ეკონომიკური რეფორმების ქართული კანონმდებლობითაც დაინტერესდნენ.
დელეგაცია დღესვე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს და არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასაც შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-საუდის არაბეთის საკანონმდელო ორგანოების სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების შესახებაც ისაუბრეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაბი დეპუტატები შეხვედრებს თბილისის მერთან, აღმასრულებელი ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან. საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან 28 მაისს გაემგზავრება.