საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, რომან დუმბაძის სამშობლოში გადმოსვენებაზე პრობლემა არ შეიქმნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მოსკოვში მოკლული საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მის ოჯახს, პრობლემა არ შეექმნება.
მისი თქმით, მოსკოვის ცენტრში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთის სამართალდამცავებმა უნდა აიღონ.
"რუსეთის სპეცსამსახურებმა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ ის ქართულ მხარეს დააბრალეს", - დასძინა კუბლაშვილმა.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუმბაძის მკვლელობაში, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურების კვალი იყოს. ქართველი გენერალი "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტით გუშინ საცხოვრებელ სახლთან შუადღეს მოკლეს. მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად მისი ყოფილი საქმიანობა სახელდება.