„ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები „განახლებული საქართველოსთვის" საერთაშორისო მრჩეველის მინდია გულუას მიმართ, დისკრიმინაციულია.
ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილებოდა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტით, მინდია გულუას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდათ, თუმცა, ბოლო ვარიანტი მათ მიმართ დისკრიმინაციულია.
კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე მინიმალურ ცენზს მაინც უნდა აკამყოფილებდეს და ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდეს.
„თუ ასეთ ცენზს არ აკმაყოფილებს, მინდია გულუა იქნება თუ ვინმე სხვა, ყველას ვერ ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება - აღნიშნა კუბლაშვილმა.
პარლამენტი საბოლოო მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის ფორმულირება ასეთია: „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
ამავე პროექტის ფარგლებში იცვლება სადეპუტატო ასაკის ცენზიც და ის 25 წლიდან 21 წლამდე ჩამოდის.