შვედეთში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერების ვიზიტი დაიწყო. ხუთი დღის განმავლობაში ქართველი "ქრისტიან-დემოკრატები" შეხვედრებს გამართავენ შვედეთის პარლამენტში, ჯანდაცვის, ბავშვთა და ხანდაზმულთა, ოჯახის და სოციალურ საქმეთა სამინისტროებში, შვედეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ვიზიტის მიზანია ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში შვედეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. უკვე გაიმართა შეხვედრა პარლამენტის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის კომიტეტში, სადაც დეტალურად განიხილეს ქვეყნის ყოველი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტით უზრუნველყოფის საკითხი, ასევე უმუშევრობის შემწეობის დანიშვნისა და უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმები. ქართველი "ქრისტიან-დემოკრატების" დელეგაციას შვედეთის "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" მასპინძლობს. ვიზიტი პარტიათა შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებში ჯანდაცისა და სოციალურ სფეროში პარტიული პროგრამის მომზადება, შვედური მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება.