პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩიკაგოში მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე საკითხის სრულ ამოწუვამდე უდაბნოს მონასტრის მონახულება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ნატოს სამიტის ფარგლებში, როგორც იცით, გაიმართა შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები იქნა განხილული. საუბრის ძირითადი დრო რა თქმა უნდა დაეთმო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ პრობლემებს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხის სრულ მოგვარებამდე ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება უდაბნოს მონასტრის მონახულება.
"პრეზიდენტის დავალებით, ამ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, უკვე 20 მაისს შედგა შეხვედრა სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს შორის. მხედველობაში მაქვს ორი ქვეყნის სასაზღვრო ხელმძღვანელები, რომლებმაც ადგილზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განიხილეს არსებული ვითარება, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკითხის სრულ მოგვარებამდე ყველა სასულიერო პირს ასევე მომლოცველებსა და ვიზიტორებს ექნებათ საშუალება მოინახულონ და მოილოცონ დავით-გარეჯის ის ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა გარკვეული სახის პრობლემები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე 21 მაისიდან მუშავდა.
"გუშინდელი დღიდან, 21 მაისიდან პრაქტიკულად ამ რეჟიმში მუშაობა უკვე დაიწყო. თქვენც შეგეძლოთ გენახათ მედიის სხვა და სხვა საშუალებებით გადმოცემული იყო კადრები და ინფორმაციაც, რომ ამ რეჟიმით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა და მათ ნახეს დავით გარეჯის ძეგლის სრული სახე და ის პრობლემატიკური ადგილები, რომელზეც გასულ კვირას იყო საუბარი", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს მხარეებს შორის კოლეგიალურად გადაწყდება.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა საკითხი რომელიც საზღვრის დემარკაციასთან არის დაკავშირებული მოგვარდება მშვიდ კოლეგიალურ და მეგობრულ ასტმოსფეროში ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად", _ განაცხადა მანჯგალაძემ.