10 ივნისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის "ფიროსმანის" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
ბალეტ-პოემა "ფიროსმანში" მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი.
"ფიროსმანის" 17 ნაწილი დიდი მხატვრის ეპოქის თბილისის ხატებას აცოცხლებს. ნაწარმოების ქვესათაურია "ძველი თბილისის სურათები". კომპოზიტორს ასე აქვს დასათაურებული ნაწილები: შესავალი, "კარნავალი", "მეთევზეები", "მწვანე ფერიები", "აღმოსავლური ფრესკა" (ყარაჩოხელის მონოლოგი),"მანდილოსნების ცეკვა", "ჩაკრულო", ცეკვა "ცერული", "ფიროსმანის არღანი", "ფიროსმანის ზმანება", "ფიროსმანის სიზმარი", ცეკვა "ციბრუტი", "არღანი", "ფრანგი ბალერინა მარგარიტა სცენაზე", "ვაჟკაცების ცეკვა", "ფრანგი მოცეკვავე" (მარგარიტა) და "ფიროსმანის სასოწარკვეთა".
მაჭავარიანმა "ფიროსმანზე" მუშაობა 1992 წელს დაასრულა. ლიბრეტოს ავტორი თავად კომპოზიტორია.
"ფიროსმანის" იდეას დიდი ინტერესით გამოეხმაურა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლეგ ვინოგრადოვი, მაგრამ 1992 წლის მოვლენებმა ნაწარმოების სცენურ ხორცშესხმას მარიას თეატრში ხელი შეუშალა.