მიღწეულია შეთანხმება - მანამ, სანამ საერთოდ კომპლექსურად გადაწყდება ეს სკითხი, ყველა ადამიანს ექნება საშუალება მოინახულოს დავით გარეჯის კომპლექსის ეს ნაწილი(დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია) ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში "აქცენტები".
მისი თქმით, შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
"პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. სხვა საკითხებთან ერთად ამ საკითხზე ისაუბრეს. პრეზიდენტების მხრიდან მიიღეს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებმა დავალებები, ამ შემთხვევაში სასაზღვრო უწყებებზეა საუბარი. ბატონო ზაზა გოგავა შეხვდა თავის კოლეგას. მათ ჰქონდათ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღწეულია შეთანხმება - მანამ, სანამ საერთოდ კომპლექსურად გადაწყდება ეს სკითხი, ყველა ადამიანს ექნება საშუალება მოინახულოს დავით გარეჯის კომპლექსის ეს ნაწილი(დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია) ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ქართული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიდან არ მოხდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაადგილება.
"ეს ლეგიტიმური მოლოდინია და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საერთოდ, დასრულდეს დელიმიტაციის პროცესი ჩვენ - ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის, ამ მნიშვნელოვან მონაკვეთსა და სხვა მონაკვეთებზე", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, 66 პროცენტი საქართველო-აზერბაჯანის საზღვრის დელიმიტირებულია. გიგა ბოკერია იმედს გმოთქვამს, რომ დარჩენილი 34 პროცენტის დელიმიტაცის პროცესი გაგრძელდება და დასრულდება უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე მიდიოდა.