ჩიკაგოში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველო მოლაპარაკების ყველა მნიშვნელოვან ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა ჟურნალისტებთან ჩიკაგოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგა.
,,ჩვენ ამოცანის ერთი ნაწილი უკვე შევასრულეთ, საქართველო არის ,,ნატოს" ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომელიც თვითონ ნატოს სამიტის გარდა ყველა მნიშვნელოვან ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრა ასპირანტ ქვეყნებთან (28+4), ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრა ალიანსის მთავარ მოკავშირეებთან (28+13) და ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის სამიტი. სამივე ფორმატში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ჩიკაგოს სამიტი დღეს თბილისის დროით ექვს საათზე გაიხსნება. ჩიკაგოში უკვე იმყოფებიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები.
ჩიკაგოში ნატოს სამიტზე საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ნატოს 28 წევრ სახელმწიფოს წინაშე პირველად წარდგება. სამიტი გაფართოების საკითხს არ განიხილავს, თუმცა წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა კომუნიკეს შემდეგ ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.
ჩიკაგოში სამიტის გამო შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება. დახურულია ოფისები.
სამიტზე 2200 ჟურნალისტია აკრედიტებული.
მასალის გამოყენების პირობები