ჩიკაგოში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
,,დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა ერთი-ერთზე. საუბრის უდიდესი ნაწილი დაეთმო იმ მოვლენებს, რაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გარშემო განვითარდა და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის და ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არ ვიცი შეგნებულად, თუ შეუგნებლად ისე გაატარეს ადმინისტრაციული საზღვარი, რომ ამ კომპლექსის დაახლოებით, 2% აღმოჩნდა მაშინდელი ადმინისტრაციული საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეზე. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე პრეზიდენტის მითითებით ჩვენ მოვითხოვთ სასაზღვრო კომისიის შეკრებას იმისათვის, რომ გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუსაობა", _ განაცხადა ჩიკაგოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ პრეზიდენტებმა გამოხატეს კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთოებების განვითარებით, "გაიმართა პოზიციების გაცვლა ურთიერთოებების გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე".
შეგახსენებთ, ჩიკაგოში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.