რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც საერთაშორისო უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ "ამნესტი ინტერნაციონალმა" "სინდისის პატიმრად" აღიარა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად უდალცოვმა რუსულ მედიას მიაწოდა.
რუსეთის ხელისუფლებამ სერგეი უდალცოვი 9 მაისს გამართულ აქციაზე, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრა და მას 15 დღეღამით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსული მედია იუწყება, რომ სერგეი უდალცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა.
"საავადმყოფოში გადამიყვანეს. ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება აქ სამკურნალოდ დამტოვონ", _ განუცხადა უდალცოვმა რუსულ მედიას და აღნიშნა, რომ მედიკოსებმა მას უარყოფითი ანალიზები აღმოუჩინეს. "საავადმყოფოში ასევე არის სამართალდამცავი ორგანოების ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ალბათ მე მიდარაჯებენ", _ აცხადებს სერგეი უდალცოვი.