სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ცენტრის მოცულობა 75 000 ტონა მარცვალს შეადგენს, საშრობის წარმადობა კი საათში 30 ტონაა. ცენტრი მარცვლეული კულტურების მოსავლის პირველად დამუშავებას, გაწმენდას, დამარცვლას და შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს. აბაშის მარცვლეულის შესანახი ცენტრი აკმაყოფილებს პროდუქციის სტანდარტიზაციასა და საერთაშორისო ბაზრის ყველა მოთხოვნას. აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია. ცენტრში 40 ადგილობრივია დასაქმებული.
ცენტრთან არსებული მაღაზია ფერმერებს წარმოების პროცესში საჭირო საშუალებებით (სასუქი, შხამ-ქიმიკატი, სათესლე მასალა) ამარაგებს. აბაშაში მოქმედი ცენტრი ხელს უწყობს საქართველოში მარცვლეული კულტურების ექსპორტისა და მეცხოველეობის დარგის განვითრებას.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს სოფლის მეურნების სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო. ზაზა გოროზიამ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
დღესვე, ზაზა გოროზიამ ფოთში შპს „აისბერგ ფოთის" თევზისა და ხორცპროდუქტების შესანახი სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა 2011 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს.
ფოთის სამაცივრე მეურნეობა 17 ჰექტარზეა განთავსებული და მისი ტევადობა 10 ათას ტონას შეადგენს. კომპლექსის თერმოიზოლაციურ კამერებში სასურველი ტემპერატურის რეგულირება მთიანად ავტომატურად ხორციელდება. აღნიშნულ კამერებში ნედლი პროდუქტის გაყინვის პროცესი შესაბამისი ტექნოლოგიების სრული დაცვით მიმდინარეობს. სწრაფი გაყინვის ჰერმეტული კამერები საშუალებას იძლევა პროდუქტი უვნებლად შეინახოს და თვისობრივი მახასიათბლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს.
სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს პროდუქციის, როგორც დასაწყობებას ასევე სადისტრიბუციოდ გატანას. ადგილობრივი ბაზრის მომარაგების გარდა, პროდუქციის ტრანპორტირება აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ხორციელდება. შპს „აისბერგ ფოთში" 67 ადგილობრივია დასაქმებული, მათ შორის 25 იძულებით გადაადგილებული პირია.