კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ხელისუფლებას ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"მოგეხსენებთ, ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ევროკავშირის სამეგობრო პოლიტიკის ფარგლებში. რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებოდით ხელისუფლებისგან რეაგირებას და ამიტომ არ გავაკეთეთ განცხადება ამის შესახებ. იმედი გვქონდა, რომ ადეკვატური, კონკრეტულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პასუხი და გეგმა იქნებოდა შეთავაზებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამოქმედო გემის, განსახორციელებელი გემის ფარგლებში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენმა მოლოდინმა არ გაამართლა და იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობის სურვილით შეხვედროდა ამ ანგარიშს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს არის ერთი რომელიმე კონკრეტული ჩინოვნიკის, ან ერთი რომელიღაც ევროპელი პოლიტიკოსის დასკვნები და აზრები და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს იმ გზიდან გადახვევას, რომელზეც დგას", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ხიდაშელმა.
ხიდაშელი ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირს გამოქვეყნებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პასუხები დროულად გამოაქვეყნოს.
"ჩემი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მაინც, სწორედ იმის გამო, რომ დღეს არის 18 მაისი და ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია საქართველოსთვის, პიარისთვის მანიც ადეკვატურად მოიქცეოდა. კიდევ გვაქვს შანსი რამდენიმე დღე და მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად პრაქტიკულად 24-საათში იქნებ შესთავაზოს ევროკავშირს კონკრეტული მოქმედებების, ღონისძიებების გრაფიკი ყველა იმ პრობლემაზე პასუხის გასაცემად, რომელიც ამ დოკუმენტშია მითითებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ამ დღეებში იმისათვის, რომ დაინახონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომ ამ ქვეყანაში აწუხებთ, მათ შორის არა მხოლოდ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებასაც ის რომ თუკი მის ქვეყანაზე ამბობენ, რომ მედია არის მიკერძოებული და სასამართლო პრაქტიკულად არ არსებობს, პარლამენტი ძალიან სუსტია და პოლიციაში სუფევს დაუსჯელობის განცდა ეს აწუხებთ და ამაზე მოქმედებას აპირებენ", _ განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მინდა იცოდეთ ქართულმა საზოგადოებამ, რასაც ევროკავშირი მის არაწევრ ქვეყნების მიმართებაში ყოველწლიურად გამოსცემს ხოლმე. თუ ვაცხადებთ, რომ ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, მაშინ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ადეკვატური ვიყოთ იმ მოთხოვნების მიმართ, რომელსაც გვიყენებენ", - acxdebs igi.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომპლექტი", რომელშიც შედის: ერთობლივი კომუნიკე ("ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება" ), სადაც მოცემულია 2011 წელს მიღებული ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პირველი წლის შეფასება, ცალკე ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც შეთავაზებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა", ანგარიში "პარტნიორობა დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის", რომელიც შეეხება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს (სამომავლო ქმედებების საგზაო რუკის ჩათვლით), ანგარიში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (რეკომენდაციების ჩათვლით) და დანართი სტატისტიკური მონაცემებით.