ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა "მუზეუმები ცვალებად სამყაროში. ახალი გამოწვევები, ახალი შთაგონებები" გაიხსნა. პროგრამა გულისხმობს საექსკურსიო ტურის მოწყობას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მის ფარგლებში ვორქშოფს.
პროგრამის მიზანია საექსკურსიო ტური, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კულტურული მემკვიდრეობის სოციალიზაციის ხელშეწყობა. რესტავრაციის ვორქშოფის ჩატარება ხელს შეუწყობს ხელნაწერი მემკვიდრეობის მოვლისა და შესწავლის აუცილებლობის გააზრებას ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით.
საექსკურსიო მარშრუტის პირველი ეტაპი გულისხმობს ვიზიტს საგამოფენო დარბაზში და გამოფენის "ქართული ხელნაწერი წიგნი" დათვალიერებას.
გამოფენაზე ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი ქართული საერო და სასულიერო ხელნაწერი წიგნების მნიშვნელოვანი ნუსხების ასლები VII საუკუნიდან XVII საუკუნის ჩათვლით.
"მუზეუმები ცვალებად სამყაროში. ახალი გამოწვევები, ახალი შთაგონებები" ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 28 მაისამდე გაგრძელდება.