"ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას ახალი - მწვავე ოპოზიციური ფრონტის შექმნას სთავაზობენ. როგორც ბაღათურიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თეორიულად არსებობს მოსაზრება, რომ შეიქმნას ორი ფრონტი - რადგან ლიბერალური ფრთა არსებობს, უფრო მწვავე ფრთა ჩამოყალიბდეს.
დეპუტატმა მოსაზრების ინიციატორების დასახელებისგან თავი შიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ იდეისკენ "დიდად არ იხრება", რადგან მიიჩნევს, რომ დაქსაქსვას ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა სჯობია.
რაც შეეხება მისი და "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბაღათურია მას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი თქმით, ამ კითხვაზე იგი პასუხს ვერ გასცემს, რადგან არ უნდა პროცესს ხელი შეუშალოს.
უშუალოდ კოალიციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" და "ქართული დასი" ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ფორმატზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
"არ მინდა, ხელისუფლებას ის ინფორმაცია, რომლის დადგენისთვისაც ამდენს წვალობს, თქვენი საშუალებით მივაწოდო. ახლა ისეთი დროა, რომ ყველა პარტია ერთმანეთთან ლაპარაკობს და ერთმანეთს გარკვეულ წინადადებებს სთავაზობს. "ქართულ ოცნებასა" და "ქართულ დასს" ერთი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა აქვს - ხელისუფლების შეცვლა. ერთი სიით ვიქნებით წარმოდგენილები არჩევნებზე თუ - არა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ ახლა ინტრიგებსა და კვოტებზე ფიქრის დრო არ არის.