"23 მაისს ვაშინგტონში, აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შედგება მოსმენა დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიული მდგომარეობის შესახებ და მათ შორის მოსმენის სუბიექტი არის საქართველო", _ განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. შესაძლოა, არჩევნებამდე ერთ-ერთი ბოლო ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება ქვეყნის გარეთ საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, მთავარი აქცენტი არჩევნების კონტექსტში არსებულ პრობლემებზე, ან პირიქით პროგრესზე იქნება გამახვილებული", _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისი განცხადებით, ეს ფაქტი მთავარი ინდიკატორი იქნება იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველო.
"ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და არა ის, თუ სად, რომელ უნივერსიტეტში, ტყუილების როგორ სერიას შესთავაზებს ქვეყნის პირველი პირი ამა თუ იმ ქვეყნის სტუდენტებს".