19 მაისს, 14:00-იდან 19:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე "ქუჩის მუსიკის დღე 2012" გაიმართება. პროფესიონალი და არაპროფესიონალი მუსიკოსები, მოცეკვავეები და ხელოვანები თბილისის ქუჩებში თავიანთი შესაძლებლობებს გამოავლენენ.
კრეატიულ მუსიკოსებსა და ხელოვანებს მიეცემათ სივრცე, სადაც შეეძლებათ საკუთარი იდეები და მუსიკალური შეგრძნებები სხვებსაც გაუზიარონ. ფესტივალი ქართულ საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ მოუსმინოს მუსიკას და დატკბეს არაჩვეულებრივი სანახაობებით.
19 მაისს, 10:00 საათზე, მუსიკის სახლში ფესტივალის ორგანიზატორები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
9 აპრილის ბაღში კი თავისუფალი, არტზონა მოეწყობა, სადაც ფესტივალში მონაწილეობის ნებისმიერი მსურველი საკუთარ ნიჭს გამოავლენს. ფესტივალის ფარგლებში, გამოცხადებულია ფოტოკონკურსი. საუკეთესო ფოტოს ავტორს ღონისძიების ორგანიზატორები დააჯილდოებენ. 18:30 საათზე, ღონისძიების დასასრულს, პირველი სკოლის წინ ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია და საერთო ინტერესის მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. ფესტივალი ლიტვაში 2007 წელს, ცნობილმა მუსიკოსმა, ანდრიუს მამონტოვასმა დააარსა. 2011 წელს ღონისძიება რიგასა და მინსკში ჩატარდა, ხოლო წელს პეტერბურგი და თბილისი შეუერთდა. მუსიკის ფესტივალი პირველად თბილისში, არასამთავრობო ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" ორგანიზებით" აღინიშნება.