დღეს, 18 მაისს, ქ. პარიზის საკონცერტო დარბაზ "სალ პლეიელში" პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ პატრიარქის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, ასევე წარმოადგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს.
პროგრამაშია ქართული საგალობლებიც საპატრიარქო გუნდის, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II საფრანგეთში 15 მაისს გაემგზავრა. პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს ესწრება.